2017-04-14

  • სცენარისტები საზოგადოებრივ მაუწყებელს ტყუილსა და ჩაგვრაში ადანაშაულებენ
რამდენიმე დღის წინ, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ახალი საეთერო სეზონისათვის გამოაცხადა მხატვრული სერიალების სცენარების შესარჩევი კონკურსი. მსგავსი კონკურსი „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ გასული წლის ზაფხულშიც გამოაცხადა, თუმცა მასში გამარჯვებული სცენარისტები კუთვნილი ჰონორარის გარეშე დატოვა. 
 
2016 წლის ივლისში გამოცხადებული კონკურსი გულისხმობდა, რომ გამარჯვებული პროექტების ავტორები საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის სერიალების სცენარებს დაწერდნენ.  პროექტი - „კლასიკოსები“ (ავტორები: ალექს ჩიღვინაძე, მარი ბექაური და ივა ფეზუაშვილი) ორი ტურის გავლის შემდეგ, სპეციალურმა კომისიამ (გიორგი ვასაძე, ნათია წულაძე, ბასა ჯანიკაშვილი, ლანა ქუთათელაძე) გამარჯვებულად დაასახელა.
 
პროექტ „კლასიკოსების“ ერთ-ერთი ავტორი მარი ბექაური გვიამბობს: 
 
„20 სექტემბერს შევხვდით გიორგი ვასაძეს და შევთანხმდით, რომ მთელი სერიალის სცენარს 2017 წლის იანვარში ჩავაბარებდით, რის შემდეგაც ავიღებდით ჰონორარს 15600 ლარის ოდენობით (თითოეული სცენარისტი - 5200 ლარს). სერიალს გადაიღებდა „ტელეფილმის“ გაერთიანება, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის დაქვემდებარებაშია. 
სამუშაო ძალიან რთული და საპასუხისმგებლო იყო. ეს გახლდათ ანთოლოგიის ტიპის სერიალი, რომელიც მეოცე საუკუნის ქართული მოთხრობების ადაპტაციებს აერთიანებდა (12 სერია, ქრონომეტრაჟი - 52 წთ). 
პერიოდულად ვხვდებოდით გიორგი ვასაძეს და ნათია წულაძეს დეტალების შესათანხმებლად. მათ რამდენჯერმე წერილობითი ხელშეკრულების გაფორმებაზე ვკითხეთ, რაზეც გვითხრეს, რომ ხელშეკრულებებს დეკემბრის ბოლოს გაგვიფორმებდნენ. ის, რომ ხელშეკრულების გარეშე ვიმუშავეთ, მხოლოდ ნდობის ფაქტორით არ იყო განპირობებული. ივა ფეზუაშვილს მანამდეც ჰქონდა ნამუშევარი 1 არხის პროექტზე „დღეები და ღამეეები“, სადაც ანალოგიურად, ხელშეკრულებები სამუშაოს ჩაბარების შემდეგ გაფორმდა. 
იანვრის შუა რიცხვებში სერიალზე მუშაობა დავასრულეთ და სცენარები ნათია წულაძეს გადავეცით. თუმცა, გიორგი ვასაძემ დაგვირეკა და გვითხრა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალმა გენერალურმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ სერიალის გადაღებაზე უარი თქვა. ასევე, საზოგადოებრივი მაუწყებელი ჩვენი სამთვენახევრიანი შრომის ანაზღაურებას არ აპირებდა და ეს მაშინ, როცა კონკურსის ორგანიზატორები გვაძლევდნენ სრულ გარანტიას, რომ ჰონორარებს სერიალის ჩაბარებისთანავე, იანვრის თვეში ავიღებდით.
9 მარტს შევიტანეთ ოფიციალური წერილი ვასილ მაღლაფერიძის სახელზე. პასუხად გაგვცეს, რომ კონკურსში მონაწილე პირი გამარჯვებულად მანამდე არ ჩაითვლებოდა, ვიდრე ამას გენერალური დირექტორი არ დაადასტურებდა. ჩვენ ამაზე არავის გავუფრთხილებივართ. გვაცხადებენ გამარჯვებულებად - ეს წერია საზოგადოებრივი მაუწყებლის ოფიციალურ გვერდზეც, რის შემდეგაც გვითანხმდებიან ვადებზე და თანხაზე და მერე, როცა უკვე ჩაბარებული გვაქვს პროექტი, გვეუბნებიან, რომ თურმე არ ვითვლებით გამარჯვებულებად მანამ, სანამ გენერალური დირექტორი ხელს არ მოაწერს. როდესაც 1 არხში შიდა მოკვლევა დაიწყო, გიორგი ვასაძემ მენეჯმენტს განუცხადა, თითქოს ჩვენსა და მას შორის სიტყვიერი შეთანხმება არ ყოფილა.“
 
 
სამართლებრივი ანალიზი
 
„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიერ, ჯერ საჯაროდ გამოცხადებული კონკურსი, ხოლო შემდეგ ასევე საჯაროდ გამარჯვებულების დასახელება სპეციალური კომისიის მიერ, თავისთავად წარმოშობს კონკურსის ორგანიზატორების პასუხისმგებლობას კონკურსანტებთან მიმართებაში. რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 329 მუხლის 1 პუნქტის მიხედვით წინადადება (ოფერტი) ითვლება შეთავაზებულად, თუ ამ წინადადებაში, რომელიც მიმართულია ერთი ან რამდენიმე პირისადმი, გამოხატულია, რომ წინადადების მიმცემი (ოფერენტი) თანხმობის (აქცეპტის)შემთხვევაში მზადაა შეასრულოს თავისი წინადადება, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიერ საჯაროდ გამოცხადებული კონკურსი გახლდათ ერთგვარი ოფერტი. შესაბამისად, კონკურსის ორგანიზატორებსა და გამარჯვებულებს შორის უკვე დამყარდა სამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც თავისთავად გულისხმობს გარკვეულ უფლებებსა და მოვალეობებს. გარდა ამისა, როგორც ერთ-ერთი სცენარისტის მარი ბექაურის ნაამბობიდან ირკვევა, სცენარზე მუშაობის პერიოდში იგი თანაავტორებთან ერთად პერიოდულად ხვდებოდა გიორგი ვასაძესა და ნათია წულაძეს დეტალების შესათანხმებლად. ამ შეხვედრების დროს კონკურსის ორგანიზატორებმა კიდევ ერთხელ გააცხადეს კონკურსის გამარჯვებულთათვის ჰონორარის გადახდის ვალდებულება (15600 ლარის ოდენობით, თითოეული სცენარისტი - 5200 ლარი) და სამთვენახევრის განმავლობაში მათ არაფერი უთქვამთ კონკურსის გაქუმების შესახებ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 756 მუხლის მიხედვით  ჯილდოს საჯაროდ დაპირება შეიძლება გაუქმდეს გამოცხადებული მოქმედების შესრულებამდე, მაგრამ ჯილდოს საჯაროდ დაპირების გაუქმება ნამდვილია იმ შემთხვევაში, თუ იგი ცნობილი გახდება იმავე საშუალებით, რითაც ჯილდოს საჯაროდ დაპირება, ან სპეციალური შეტყობინების მეშვეობით. შესაბამისად, სცენარისტებს არანაირი საფუძველი არ ჰქონდათ ევარაუდათ, რომ შესაძლებელი იყო კონკურსის პირობების დარღვევა და მთელი ამ დროის განმავლობაში კეთილსინდისიერად ასრულებდნენ დაკისრებულ მოვალეობებს. 
 
ხელოვნებისა და სამართლის ინსტიტუტმა უკვე დაიწყო საკითხის შესწავლა. საქმის დეტალები პერიოდულად გამოქვეყნდება ALI - ს ვებგვერდზე.