2017-07-15

  • ქუჩის არტი თუ ვანდალიზმი?

ქუჩის ხელოვნება სწრაფად გახდა გლობალური კულტურული სენსაცია. ინტერნეტ გიგანტმა, როგორიცაა Google, ქუჩის არტი მსოფლიოს სამხატვრო ნამუშევრების კატეგორიაში დააკლასიფიცირა. ამაღლდა ცნობიერება სხვადასხვა ქვეყნებშიც და ქუჩის ხელოვნებამ მთელი რიგი რეგიონები მოიცვა. მიუხედავად ამისა, კვლავ კამათის თემაა ქუჩის არტისტთა უფლებები. უპასუხოდ რჩება კითხვა - რატომ არ ვრცელდება ქუჩის არტზე ვიზუალურ არტისტთა უფლებების აქტი და რატომ მიიჩნევა ის კვლავ უკანონო საქმიანობად?

 

1974 წელს ნორმან მაილერმა დაწერა „გრაფიტის რწმენა“, ერთ-ერთი პირველი ლიტერატურული ნაწარმოები, რომელიც მოგვითხრობს გრაფიტის მნიშვნელობაზე თანამედროვე ურბანულ კულტურაში. მას მრავალი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა. საზოგადოების ნაწილი წარწერებს შენობებზე ვანდალიზმად აფასებდა. ასე დაიწყო ბრძოლა ამ ორ „ბანაკს“ შორის. გაჩნდა ტერმინები: „ქუჩის ხელოვნება“ და „ქუჩის მხატვარი“, რადგან გრაფიტი ხშირად მარტივ ნაჩხაპნზე მეტია და დატვირთულია რთული ორნამენტული მხატვრობით. ქუჩის არტს ზოგან სოციალური და პოლიტიკური შეტყობინებების გადასაცემად იყენებენ. ზოგან იგი ხელოვნების ფორმაა, რომელიც გალერეებში გამოფენის ღირსია.

 

ქუჩის არტი საშუალებას აძლევს ხელოვანებს გვერდი აუარონ  ხელოვნების ფორმალურ სამყაროს, სადაც მხოლოდ ელიტას შეუძლია მონაწილეობა. ქუჩის მხატვრებისთვის ეს საზოგადოებასთან პირდაპირი კონტაქტის საშუალებაა, და ამავე დროს უფერული ქალაქის გამოცოცხლების გზა. მიუხედავად ამისა, კრიტიკოსთა ნაწილი ამტკიცებს, რომ ქუჩის ხელოვნება ვანდალიზმის აქტია. ეს მოსაზრება ეფუძნება იმ ფაქტს, რომ ქუჩის არტისტთა უმეტესობას არ გააჩნია ნებართვა სხვის საკუთრებაში მყოფი კედლების მოსახატად. ერთის მხრივ, ქუჩის ხელოვნება ესთეტიურად ავსებს სამეზობლოს და ადგილობრივი კულტურის ერთგვარი გამოხატულებაა. მეორეს მხრივ, ქუჩის მხატვრების უმეტესობა ვერ იღებს ნებართვას, რაც მას ვანდალიზმისკენ უბიძგებს.

 

რადგან გრაფიტის ვუწოდებთ ქუჩის ხელოვნებას, მის შემქნელს კი ხელოვანს, ალბათ იგი დაცული უნდა იყოს ვიზუალური ხელოვნების უფლებათა აქტით(VARA). VARA იცავს კიდეც ვიზუალური არტისტების შემოქმედებას განზრახ დამახინჯების, დასახიჩრებისა თუ სხვა სახის მოდიფიკაციისგან. ხელოვნების ნაწარმოებების ავტორებს, რომლებიც აკმაყოფილებენ გარკვეულ მოთხოვნებს VARA ანიჭებს დამატებით უფლებებს.

 

ვიზუალური ხელოვნების უფლებათა აქტი ქუჩის არტისტებს ანიჭებს:

 

* საავტორო უფლებებს;

* უფლებას, თავიდან აიცილოს ნამუშევრის დამახინჯება, დასახიჩრება ან შეცვლა ისე, რომ ზიანი არ მიადგეს მის ღირსებას ან რეპუტაციას;

* განადგურების, დასახიჩრების, ან მოდიფიკაციის პრევენციის უფლებას, როდესაც ზიანი ადგება მის ღირსებას ან რეპუტაციას;

* უფლებას, თავიდან აიცილოს ნამუშევრის განადგურება;

* უფლებას მოთხოვოს მისი ნამუშევრის სათანადოდ დაცვა შენობის კანონიერ მესაკუთრეს, რომელზეც განთავსებულია იგი.

 

თუმცა, ვიზუალური ხელოვნების უფლებათა აქტი ყოველთვის ვერ ახერხებს ქუჩის არტისტთა უფლებების დაცვას. სამართლებრივად ეს არის ერთგვარი ბრძოლა საკუთრების უფლებასა და საავტორო უფლებებს შორის. დიახ, საკუთრების უფლება ერთ-ერთი აბსოლუტური უფლებაა, მაგრამ რა ვუყოთ ვიზუალურ არტისტთა უფლებებს, რომლებსაც ასევე არეგულირებს კანონმდებლობა?

 

ფაქტია, რომ ქუჩის არტისტები კვლავ განაგრძობენ თავის საქმიანობას. ერთ-ერთი ცნობილი ხელოვანი ბენქსი რეგულარულად მონაწილეობს სხვადასხვა სახის პროექტებში, ქმნის ნამუშევრებს და ხშირად გახლავთ სამართალდამცავების დევნის ობიექტიც. ამავდროულად, განსხვავებული ხედვა აქვს საზოგადოებას, რომელიც იცავს ბენქსის ხელოვნებას განადგურებისაგან. ბენქსის ნამუშევრები მილიონობით დოლარად იყიდება და ისინი ხშირად გადადიან კედლებიდან სხვა სივრცეებში. არტისტი მისი კოლეგების უმეტესობისგან განსხვავებით, წარმოუდგენლად მდიდარი ადამიანია. მის პირად ანგარიშზე 20 მილიონი დოლარი ირიცხება.

 

როგორც ჩანს, ნელ-ნელა ქუჩის ხელოვნება იძენს საზოგადოებრივ მხარდაჭერას და მხოლოდ დროის საკითხია მისი, როგორც გამოხატვის თავისუფლების სრულყოფილ და კანონიერ უფლებად აღიარება.

 

გამოყენებული ლიტერატურა: The Visual Artists Rights Act of 1990 (VARA); artlawjournal; https://www.artsy.net

 

გამოსახულება ფოტოზე © Gagosh