2017-07-28

  • პანტომიმის თეატრი შესაძლოა შენობის გარეშე დარჩეს?!
რამდენიმე დღის წინ დაანონსდა აქცია პანტომიმის თეატრის მხარდასაჭერად, რომელიც შესაძლოა შენობის გარეშე დარჩეს. 2012 წელს თეატრის შენობის ნაწილი, 740 კვ.მ. წინა ხელისუფლების მხრიდან 1 ლარად, „სილქ როუდ გრუპს" გადაეცა. 1260 კვ.მ. ფართობი კი რეგისტრაციის გარეშეა დარჩენილი. ფართის ფლობის შესახებ დასტურს, თეატრი ეკონომიკის სამინისტროსგან დღემდე ელოდება.
 
პანტომიმის თეატრის ადვოკატის განცხადებით თეატრს აქვს ლეგალური დოკუმენტები, რომლითაც დასტურდება, რომ 1260 კვ.მ. ისტორიულად ეკუთვნის. 
 
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, პანტომიმის თეატრის ხელმძღვანელობა შეხვდა ქალაქ თბილისი მერს. დავით ნარმანიას განცხადებით თბილისის მერია მზადაა პანტომიმის თეატრს მშენებლობისთვის ტერიტორია გამოუყოს. მისივე თქმით,  ძველი შენობის დაბრუნებასთან დაკავშირებით გარკვეული საკითხები სამართლებრივად გასარკვევია და ამასთან, ზოგიერთი საკითხი სადაოა.
 
ქალაქის მერთან შეხვედრის შემდეგ თეატრის ხელმძღვანელობამ დაგეგმილი აქცია გააუქმა.
 
„თბილისის მერისგან 100 პროცენტიანი მხარდაჭერის მიღების შემდეგ აქცია გაუქმებულია, ძალიან მალე ველოდებით იურიდიულ დასტურს!
დიდი მადლობა ყველას ვინც მხარში უდგას ჩვენს თეატრს!“ - აცხადებს ხელმძღვანელობა.
 
ხელოვნებისა და სამართლის ინსტიტუტი სრულ მხარდაჭერას უცხადებს პანტომიმის თეატრს და საჭიროების შემთხვევაში მზადაა ნებისმიერი სახის სამართლებრივი დახმარების გასაწევად. იმედი გვაქვს, ეს საკითხი მალე მოგვარდება.