2017-12-28

  • „ეგრე სადაა“ - ზვიად რატიანის ქეისი

„ეგრე სადაა:
რაც გარეთაა, ყველაფერი სიმართლე იყოს,
და რაც ჩემში – თითქმის არასდროს.“

 

ზვიად რატიანის ეს სიტყვები, ალბათ ყველაზე უკეთ ეხმიანება იმ 37 ადამიანის მდგომარეობას, რომლებიც პოლიციამ 22-23 დეკემბერს საპოლიციო კონტროლის და სპეციალური ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე ადმინისტრაციული წესით დააკავა. ჩვენ არ ვიცნობთ ამ ადამიანებს, შესაბამისად არაფერი ვიცით მათი საქმეების შესახებ. სამაგიეროდ, ვიცნობთ პოეტ ზვიად რატიანს - თანამედროვეობის ერთ-ერთ გამორჩეულ ავტორს, რომელიც 23 დეკემბერს ღამით, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს და გამეტებით სცემეს. ექსპერტიზის შედეგად ზვიად რატიანს დაუდგინდა ტვინის შერყევა, აღენიშნება მძიმე დაზიანებები სახეზე და სხეულზე.

 

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება, რომელიც ჯერ კიდევ გუშინ საღამომდე, დიდი იმედი მქონდა ობიექტურად და სამართლიანად წარიმართებოდა, მაგრამ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უსირცხვილოდ გაავრცელა შსს-ს მიერ, სასამართლოში მტკიცებულებად წარმოდგენილი კადრები, სადაც ზვიად რატიანი აგინებს პოლიციელებს. კადრები არაფრის დასკვნის საშუალებას არ იძლევა. ამ კადრებში ჩანს მხოლოდ ერთი ადამიანის გინება, რომლის სახეც რატომღაც დაბლარულია (ეს კიდევ ცალკე კითხვის ნიშანია. რატომ არ ჩანს ვიდეოზე პოეტის სახე, რომელიც ისედაც ვიცით ვინაა. იქნებ ეს სწორედ მისი სისხლიანი სახის დაფარვას ემსახურება?!) და თუ რატომ იგინება ან რა უძღოდა ამას წინ, ვიდეოჩანაწერით ამის გარკვევა შეუძლებელია. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად შსს-მ თავი შეიკავა ვიდეოს გამოქვეყნებისგან უცენზურო სიტყვების ტირაჟირებაზე უარის თქმის მოტივით, ხოლო მოგვიანებით ვიდეო გაასაჯაროვა სწორედ იმ სატელევიზიო არხის დაჟინებული მოთხოვნით, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ პრინციპულად არ აჩვენა ეთერში პრემიერის გინება.

 

განსაკუთრებით ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ შსს-ს ოფიციალური განცხადების მიხედვით და ასევე, პოლიციელების თავდაპირველი ჩვენებებით, ზვიად რატიანს პირადობის მოწმობის ჩვენება მოთხოვეს საპოლიციო კონტროლის დროს. სასამართლო სხდომაზე კი იგივე პოლიციელებმა სულ სხვა ვერსია შემოგვთავაზეს. ამასთან, ჩნდება კითხვა, თუ პოლიციელები ასე კორექტულად იქცეოდნენ დაკავებამდეც და დაკავების შემდეგაც, მაშინ საიდან ჩნდება დაზიანებები დაკავებულის სხეულზე? ფაქტია, რომ ზვიად რატიანი აშკარად ნაცემია და დაზიანებების ისეთი კვალი აქვს, რომელიც მხოლოდ დაკავების დროს, თავისით ვერ გაჩნდებოდა. პოლიციელების ვერსია კი მხოლოდ ერთი მხარის ვერსიაა და მის დასადატურებლად საჭიროა წარმოადგინონ სრული ვიდეო, მოქალაქის შეჩერებიდან პოლიციის განყოფილებაში მიყვანამდე. უწყვეტ რეჟიმში!
 
ასევე მნიშვნელოვანია, რომ შსს-ს კომენტარებში აქამდე არსად არ ფიგურირებდა, რატიანის მხრიდან თავსხმის ფაქტი პოლიციელების მიმართ. მხოლოდ გუშინ განგვიცხადეს, რომ მოქალაქე რატიანმა ერთ პოლიციელს ყბაში დაარტყა, მეორეს მკერდში, მესამეს კი უკბინა. თუმცა, არ არსებობს ამის დამადასტურებელი მტკიცებულება. ვფიქრობ, რომ თუ ეს სიმართლეა, ამ ყველაფრის გადაღება და გავრცელება პოლიციას არ გაუჭირდებოდა.

ეს არის ძალიან ლოგიკური კითხვები, რომლებიც ზვიად რატიანის „ქეისზე“ ნებისმიერ საღად მოაზროვნე ადამიანს გაუჩნდება და თუ ნორმალურ სახელმწიფოში ცხოვრება გვინდა ამ კითხვებს პასუხი აუცილებლად უნდა გაეცეს!  

 

ეგრე სადაა სრულიად უდანაშაულო მოქალაქეებს პოლიცია აკავებდეს და სასტიკად აწამებდეს!

 

ეგრე სადაა პოლიცია და საზოგადოების სახელს ამოფარებული ტელევიზია მიზანმიმართულად ლახავდეს პატიოსანი მოქალაქეების პატივსა და ღირსებას!

 

ეგრე სადაა თუნდაც გინების ან წვრილმანი ხულიგნობის გამო ადამიანები ისჯებოდნენ სისხლის სამართლებრივი ნორმებით. დიახ, ადამიანის ცემა და წამება სწორედ სისხლის სამართლის დანაშაულია!

 

ეგრე სადაა პოლიციაში მუშაობდნენ კრიმინალები და სწორედ დამნაშავეები „იცავდნენ“ მშვიდობიანი მოქალაქეების უსაფრთხოებას!  

 

ეგრე სადაა თვალებში ნაცარი შემოგვაყაროთ!

 
სამწუხაროდ, შსს-ს თვითონვე დაავიწყდა საკუთარი ვერსია და საკუთარ ტყულებში აიხლართა. თქვენ საუბრობდით ორივე მხარის პასუხისმგებლობაზე და დღეს ვერ დახატავთ ისეთ სურათს, თითქოს ქუჩაში ნარნარადად მიმავალ სამ პოლიციელს დედის გინებით თავს დაესხა ერთი მთვრალი მოქალაქე.

 

მართლაც. ეგრე სადაა!

 

ანასტასია ინასარიძე