2018-09-16

  • ავტორი მითითებულია!

2018 წლის 9 სექტემბერს, ხელოვნებისა და სამართლის ინსტიტუტს, ფოტოგრაფმა ირინა ანდრეევამ მომართა და დარღვეულ საავტორო უფლებასთან დაკავშირებით სთხოვა დახმარება. ანდრეევას განცხადებით, მისი ნამუშვარი გამოყენებული გახლდათ რამდენიმე ცნობილი ინტერნეტ გამოცემის: ალია, კვირის პალიტრა, ambebi.ge - ს მიერ, ავტორის ნებართვის და მითითების გარეშე.  ასევე, ანდრეევას განმარტებით, მის მიერ ოკუპაციის თემაზე შექმნილი ფოტო ნამუშევარი, მისი ნებართვის გარეშე, გამოყენებულ იქნა ახალგაზრდა მხატვრის - ელზა ციკოლიას მიერ. 17 წლის მოსწავლემ ანდრეევას ფოტოს შინაარსი უცვლელად გამოიყენა მხატვრულ ტილოზე, რომელიც გამოიფინა ავსტრიის გალერეაში, წყაროს და იდეის ავტორის მითითების გარეშე. 

 

დავის დარეგულირების მიზნით, ხელოვნებისა და სამართლის ინსტიტუტმა შეისწავლა საკითხი და დაუკავშირდა ყველა მოპასუხე მხარეს. როგორც გაირკვა, რამდენიმე მედია საშუალებამ საერთოდ არ იცოდა ფოტოს ავტორის ვინაობა. მათი განცხადებით, ოკუპაციის თემაზე შექმნილი ფოტო იმდენად გავრცელებულია გუგლის საძიებო სისტემაში, რომ მათთვისაც რთული გახლდათ ავტორის მოძიება. მხარეთა შეთანხმებით და მათი ინტერესების გათვალისწინებით, ფოტონამუშევარი კვლავ რჩება ზემოთ აღნიშნული მედიასაშუალებების მიერ ატვირთული მასალების ვიზუალურ გაფორმებად. თუმცა, ფოტოს ქვეშ ყველა მათგანმა მიუთითა ნამუშევრის ავტორის ვინაობა.

 

რაც შეეხება, ახალგაზრდა მხატვარს. ელზა ციკოლიას განცხადებით, მისი ნამუშევარი მხოლოდ ერთხელ გამოიფინა და იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ამჟამად, მხატვრული ტილო არსად არ გახლავთ გამოფენილი შეუძლებელია იდეის ავტორის მითითება. ამასთან, ციკოლიას განმარტებით გამოფენის მსვლელობისას, მან არაერთხელ აღნიშნა, რომ ნახატის იდეა მას არ ეკუთვნოდა, თუმცა არ იცოდა ავტორის ვინაობა. ახალგაზრდა მხატვარმა ბოდიში მოიხადა შექმნილი სიტუაციის გამო და პირობა დადო, რომ თუ ოდესმე სადმე გამოიყენებს ზემოთ აღნიშნულ ნამუშევარს, აუცილებლად მიუთითებს წყაროს და ფოტოს ავტორის ვინაობას. 

 

ვინაიდან, ირინა ანდრეევას ჰქონდა ერთადერთი მოთხოვნა - მას სურდა ყველგან, სადაც გამოყენებული გახლდათ ფოტოგრაფის ნამუშევარი, მითითებული ყოფილიყო ფოტოს ავტორის ვინაობა და ეს მოთხოვნა თითოეულმა მოპასუხე მხარემ უკვე აღასრულა, ხელოვნებისა და სამართლის ინსტიტუტმა დაასრულა ზემოთ აღნიშულ საქმეზე მუშაობა.